ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?

რეგისტრაცია

აუქციონის წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს სს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" (შემდგომში „აუქციონერი") მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების (და ავტომანქანის ნაწილების) რეალიზაციის მიზნით ორგანიზებული ინტერნეტ–აუქციონის (შემდგომში „აუქციონი”) ჩატარების წესებსა და პირობებს.

1. ზოგადი პირობები

1.1. რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით, დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს, პირობებს და წარმოეშვა წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

1.2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციამდე, მომხმარებელი უნდა გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ექცევა წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი აცხადებს თანხმობას აუქციონის წესების და პირობების მოქმედება გავრცელდეს მასზე.

1.3. წინამდებარე წესები და პირობები, ვებ–გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად, აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში და მასში გამარჯვების შემდგომ შეიძინოს აუქციონზე სარეალიზაციოდ განთავსებული ავტომანქანა და/ან ავტომანქანის ნაწილები.

1.4. ვებ–გვერდზე განთავსებულ თითოეულ ავტომანქანას აქვს მინიჭებული ნომერი/კოდი და თან ერთვის ფოტოსურათები. ავტომანქანის აღწერილობაში მითითებულია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ადგილზე დაათვალიეროს ავტომანქანა და მიიღოს სხვა მისთვის სასურველი ინფორმაცია.

1.5. ავტომანქანის შეძენის შემდგომ, შემძენს უფლება არ აქვს განუცხადოს აუქციონერს პრეტენზია ავტომანქანის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობებით, მას ეძლევა სრული შესაძლებლობა ავტომანქანის შეძენამდე გაეცნოს მის მდგომარეობას.

2. რეგისტრაციის პირობები

2.1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან.

2.2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის" (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის" და „სახელის", „მომხმარებლის", „დაბადების თარიღის", „პაროლის", „ელექტრონული ფოსტისა" და „მობილური ტელეფონის ნომრის" ველებს. სავალდებულოა აღნიშნული მონაცემების უტყუარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილე არ არის უფლებამოსილი დაიბრუნოს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონერის ანგარიშზე შეტანილი სადეპოზიტო თანხა.

2.3. მომხმარებელი, წინამდებარე წესების 2.2. პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ დადასტურების ღილაკის მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე აქვს სიახლეების მიღებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა.

2.4. რეგისტრაციის გავლისთანავე მომხმარებელი მის მიერვე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე მიიღებს რეგისტრაციის დადასტურების მეილს და თანდართულ ინვოისს, რომლის საშუალებითაც შეძლებს აუქციონზე მონაწილოების მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდას. ამავე მეილში მომხარებელი მიიღებს მისთვის მინიჭებულ უნიკალური ID ნომერს.

2.5. ვებ–გვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისათვის უფასოა.

2.6. საგარანტიო თანხის გადახდისთანავე მომხმარებელი მის მიერვე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე მიიღებს მეილს ექაუნთის გააქტიურების თაობაზე.

2.7. აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს დასტურს და ინვოისს მის მიერვე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე.

3. ავტორიზაცია

3.1. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანის გზით.

4. აუქციონში მონაწილეობის პირობები

4.1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) ვებ–გვერდზე რეგისტრაცია (შესაბამისად რეგისტრაციის დროს აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება).

ბ) მომხმარებლის მიერ სადეპოზიტო თანხის გადახდა შესაბამისი ინვოისის მეშვეობით;

4.2. მომხმარებელს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება აუქციონში, ვალდებულია აუქციონერის საგანტიო ანგარიშზე განთავსებული ჰქონდეს თანხა არანაკლებ 50 ლარისა.

4.3. აუქციონის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული სადეპოზიტო თანხის დაბრუნება მომხმარებელს/მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს, აუქციონერის მიერ ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე/სს :სადაზღვევო კომპანია ჯიპაიი ჰოლდინგის სალაროში გამოცხადების შემდგომ, იმ პირობით, რომ თანხის გატანის მომენტისთვის იგი არ მონაწილეობს მიმდინარე აუქციონში ან/და არ ფიქსირდება გამარჯვებულად ჩატარებულ აუქციონში და მის მიერ 2.2. მუხლში მითითებული მონაცემები ზუსტია.

4.4. აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებული მონაწილეს მიერ წარმოდგენილი სადეპოზიტო თანხა უკან არ ბრუნდება, თუ:

ა) აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ავტომანქანის საფასური;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული დებულებები.

5. აუქციონი

5.1. თითოეული ავტომანქანისათვის აუქციონი დაწყებულად ითვლება მისი ვებ–გვერდზე გამოცხადების მომენტიდან.

5.2. აუქციონის მონაწილე ირჩევს კონკრეტულ ავტომანქანას და ირჩევს ღილაკს "ბიდის განთავსება”, რის შემდგომაც იგი იწყებს აუქციონში მონაწილეობას. აუქციონის მონაწილე ბიდის განთავსებისთვის უთითებს საწყისი ფასის ოდენობას ან მიმდინარე ფასზე მეტ ოდენობას.

5.3. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა.

5.4. აუქციონის დროს ფასის მატება ხდება „ონლაინ'' რეჟიმში დადგენილი მინიმალური ან მეტი ვაჭრობის ბიდის მითითებით.

5.5. მონაწილეს ასევე შეუძლია აირჩიოს ფუნქცია „ავტობიდერი" შესაბამის ველში მისი მონიშვნის გზით, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მიერ ბიდის ავტომატურად მომატებას მონაწილის მიერ მითითებული თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე.

5.6. აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5.7. კონკრეტული ავტომანქანის გვერდზე მონაწილეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (გაცხადებული ფასების, ბიდების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით.

5.8. მონაწილის მიერ ბიდის განთავსება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ავტომანქანის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ყოველი შემდგომი „ბიდის განთავსება" ზრდის ავტომანქანის ფასს.

5.9. აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. აუქციონის დასრულების ვადა მითითებულია თითოეული ავტომანქანისათვის. თუ მონაწილის მიერ ბიდის განთავსება მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება 3 წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

5.10. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მონაწილის ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

6. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები

6.1. აუქციონის დასრულების შემდგომ გამარჯვებულ მონაწილეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში უკავშირდება აუქციონერი და ხელშეკრულების გაფორმებისა და ავტომანქანის საფასურის გადახდის მიზნებისათვის მონაწილის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე ატყობინებს გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ.

6.2. აუქციონში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია 6.1. პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მითითებულ დროსა და ადგილას, პირადად გამოცხადდეს აუქციონერის მიერ მითითებულ მისამართზე და წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ პირადად გამოცხადება აუქციონერის მიერ დათქმულ დროსა და ადგილას, მის ნაცვლად შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონში გამარჯვებული პირის წარმომადგენელი, რომელიც აუქციონერს წარმოუდგენს შესაბამის მინდობილობას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

6.4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მონაწილესთან დაკავშირება ან/და მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერი არასწორია ან/და მონაწილე არ გამოცხადდება ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონერის მიერ დათქმულ დროსა და ადგილას, აუქციონერი 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მონაწილესთან ხელმეორედ დაკავიშრებას / დაკავშირების მცდელობას. თუ მიუხედავად წინამდებარე პუნქტში აღნიშნული მოქმედებებისა, ვერ მოხერხდა მონაწილესთან დაკავშირება ან/და მონაწილე ხელმეორედ არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, აუქციონერი გააუქმებს აუქციონის შედეგებს და გამოიყენებს წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ უფლებებს მონაწილის მიმართ.

6.5. გამარჯვებული მონაწილე აუქციონერის მიერ მითითებულ მისამართზე გამოცხადების შემდგომ, აუქციონერის მიერ შესაბამისი ინვოისის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში სრულად ფარავს ავტომანქანის შესყიდვის ფასს წინამდებარე წესების შესაბამისად.

6.6. აუქციონში გამარჯვებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის შეთანხმებულ დროს და ადგილას გამოცხადების შემდგომ აუქციონერსა და გამარჯვებულს/მის წარმომადგენელს შორის ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

7. მხარეთა უფლებამოსილება

7.1. აუქციონერი უფლებამოსილია

ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის წესი ან პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებ-გვერდზე. ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ აუქციონერი დამატებით მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე.

ბ) შეწყვიტოს აუქციონი ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მონაწილის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ აუქციონერს;

გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

დ) მონაწილის მიერ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გააუქმოს აუქციონის შედეგები.

7.2. აუქციონერი ვალდებულია:

ა) აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება/ები;

ბ) აუქციონერის მიერ აღნიშნული წესებისა და პირობების 7.1. მუხლის „ა" პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელს/ მონაწილეს, მისი განცხადების საფუძველზე, დაუბრუნოს სადეპოზიტო თანხა წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, თუ მონაწილეს შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობის მიღება.

გ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

ე) დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუშვას იგი ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე, მისცეს მას შესაძლებლობა დაათვალიეროს ავტომანქანა, შეამოწმოს მისი ტექნიკური მდგომარეობა და სხვა.

7.3. მომხმარებელი/ მონაწილე უფლებამოსილია:

ა) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები;

ბ) მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ავტომანქანის შესახებ აუქციონერის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

გ) ნებისმიერ დროს გაიტანოს მის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეტანილი სადეპოზიტო თანხა იმ პირობით, რომ თანხის გატანის მომენტისთვის იგი არ მონაწილეობს მიმდინარე აუქციონში ან/და არ ფიქსირდება გამარჯვებულად ჩატარებულ აუქციონში ან/და მის მიერ 2.2. მუხლში მითითებული მონაცემები ზუსტია.

დ) წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობებით, მოითხოვოს ავტომანქანის

ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე მისი დაშვება, დაათვალიეროს მისთვის საინტერესო ავტომაქანა, შეამოწმოს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა და სხვა.

7.4. მომხმარებელი/ მონაწილე ვალდებულია:

ა) დაიცვას წინამდებარე წესები პირობები;

ბ) აუქციონერის მიერ მითითებულ მისამართზე გამოცხადების შემდგომ 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში აუქციონერის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე აანაზღაუროს შეძენილი ავტომანქანის ღირებულება;

გ) სრულად დაფაროს ავტომანქანის მის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადასვლის/გადაფორმების ხარჯები;

დ) ავტომანქანის მის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადასვლიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ავტომანქანის გატანა მისი განთავსების ადგილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომანქანის შემდგომი დაზიანების/განადგურების რისკი გადადის გამარჯვებულ მონაწილეზე და აუქციონერი უფლებამოსილია დაარიცხოს მონაწილეს პირგასამტეხლო ავტომანქანის ღირებულების 0.1%.

ე) მონაწილეს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონერი უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის პროფილი, შეზღუდოს იგივე მომხმარებლის ხელახალი რეგისტრაცია და სადეპოზიტო თანხა (ასეთის არსებობისას) ჩარიცხოს საკუთარ ანგარიშზე.

8. ანგარიშსწორება

8.1. აუქციონში გამარჯვებული მონაწილის მიერ ავტომანქანის შესყიდვის ფასის სრულად გადახდა წარმოებს აუქციონერის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ აუქციონერის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის/შეტანის გზით.

8.2. ნასყიდობის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

8.3. აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეზე ავტომანქანის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადაცემის/გადაფორმების ხარჯებს სრულად ფარავს აუქციონში გამარჯვებული მონაწილე.

9. კონფიდენციალურობა

9.1. აუქციონერი ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია. ამასთან, აუქციონერი უფლებამოსილია მომხმარებელს დაუკავშირდეს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე/ტელეფონზე საკუთარი პროდუქციის შეთავაზების მიზნით.

10. მოქმედი კანონმდებლობა

10.1. ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

10.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.


ვეთანხმები წესებს და პირობებს
* აუცილებლად შესავსები ველები